თეგი: ჯილ ბაიდენი

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. უკრაინაში ვიზიტამდე ჯილ ბაიდენი რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. „ერთად ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინისთვის. იმედი მაქვს, რომ აქ ყოფნით შევძლებ მსოფლიოს გადავცე, თუ რამდენად შთააგონებს მსოფლიოს მათი ძალა და გამძლეობა და შევახსენო, რომ ისინი მარტონი არ არიან", - დაწერა ჯილ ბაიდენმა Twitter-ზე. უსაფრთხოების საკითხების გამო, ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის პირველი ლედი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა

შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს ბრატისლავაში, პრეზიდენტის სასახლეში სლოვაკეთის პრეზიდენტს ზუზანა კაპუტოვას შეხვდა.  თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა განიხილეს. ბაიდენმა სლოვაკეთს ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ მშვენიერ ქვეყანაში ყოფნის დროს, მე დავინახე საერთო ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს სლოვაკეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც მეგობრებს, პარტნიორებს და მოკავშირეებს. ეს მოიცავს ჩვენს საერთო მიზანს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ვდგავართ სლოვაკეთის გვერდით, ისევე როგორც სლოვაკეთი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯილ ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ლედი უკრაინას მოულოდნელად ეწვია.  ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. CNN-ის ცნობით, ჯილ ბაიდენმა ოთხდღიანი ევროპული ტურნე დაასრულა.

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ

უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონშია. ოლენა ზელენსკა აშშ-ის პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ოფიციალური შეხვედრისთვის თეთრ სახლში უკვე მივიდა. თეთრი სახლის განცხადებით, ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა განიხილავენ აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი, რომლებიც დემოკრატიას იცავენ და რუსეთის ომის გავლენებს უმკლავდებიან. ოლენა ზელენსკა ჯი ბაიდენის შემდეგ შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, ასევე, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას-გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მანამდე, უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს  „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე.  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი COVID19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. პირველი ლედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ისვენებდა სამხრეთ კაროლინაში, როდესაც ორშაბათს სიმპტომები განუვითარდა. ჯილ ბაიდენს დაუნიშნეს ანტივირუსული პრეპარატი და მინიმუმ ხუთი დღით იზოლირებული იქნება. თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენს კოვიდტესტი სამშაბათს ჩაუტარდა და მას ვირუსი არ დაუდასტუდა, მაგრამ CDC-ის რეკომენდაციის შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში ნიღაბს ატარებს.  ჯო ბაიდენი კორონავირუსისგან ახლახან განიკურნა.  

ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში, ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო. „პირველი ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს დღეს საღამოს ჩაუტარდა COVID-ის ტესტი. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო. პრეზიდენტი ამ კვირაში რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და სიმპტომებს დაკვირდება,“ - აცხადებენ თეთრ სახლში. თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.